მეღვინეობა აგიდელა დაარსდა 2020 წელს ლაშა ჭკუასელის და ელი ცისკარიშვილის მიერ. ლაშა და ელი პროფესიით მეღვინეები არიან, ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით. იქამდე, სანამ ისინი თბილისის რუტინულ ცხოვრებას მიატოვებდნენ და სოფელში გადავიდოდნენ საცხოვრებლად, იმ მიზნით, რომ შეექმნათ თავიანთი მცირე წარმოება, მუშაობდნენ როგორც ღვინის სხვადასხვა დიდ საწარმოებში, ასევე მცირე მარნებში. ლაშას გერმანიასა და ახალ ზელანდიაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, რამაც გარდამტეხი როლი ითამაშა, აგიდელას ღვინის მიმართ მიდგომის და მასზე მუშაობის სტილის ჩამოყალიბებაში. ქართლის ჯიშები გამოირჩევიან ცქრიალა და კლასიკური ღვინის წარმოების პოტენციალით, სწორედ ამიტომ ლაშამ და ელიმ დაიწყეს ქართლის ჯიშებისგან კლასიკური ღვინის წარმოება. აგიდელა მუშაობს ისეთ ჯიშებზე როგორიცაა: გორული მწვანე, თავკვერი, ჩინური, სოვინიონ ბლანი, შარდონე, მუსკატი, პინო ბლანი, უნიბლანი. მეღვინეობა თანამშრომლობს კონტრაქტორ მევენახეებთან, რაც ვენახში საჭირო ყველანაერ ოპერაციაში ჩართვას და ხარისხზე ორიენტირებას გულისხმობს.
მეღვინეობას აქვს ღვინის საკუთარი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია ღვინის სხვადასხვა პარამეტრების შემოწმება. შესაბამისად, ყურძნის გადამუშავებიდან- ბოთლში ჩამოსხმამდე, სრული ციკლის განმავლობაში, ხდება ღვინის ხარისხის კონტროლი, რაც საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა ტექნიკური ოპერაციების სწორად დაგეგმვის და მართვის საშუალებას იძლევა.
2020 წლიდან აგიდელამ ეტაპობრივად გაზარდა წარმოება და დღეს უკვე აწარმოებს წლიურად დაახლოებით 12000 ბოთლს. წარმოების მეტი წილი უკავია ქართლის ერთ-ერთ გამორჩეულ ჯიშს, გორულ მწვანეს, რომლისგანაც იწარმოება ციტრუსების, ტროპიკული ხილის არომატებითა და გემოთი მდიდარი, მაღალმჟავიანი, გამორჩეული კლასიკური ღვინო. ეს ღვინო იქცა აგიდელას სავიზიტო ბარათად. 2023 წელს, პირველად მეღვინეობამ დაიწყო პეტნატისა და სოვინიონ ბლანის წარმოება, ასევე კლასიკური მეთოდით. სამომავლოდ მეღვინეობის მიზნებში შედის საკუთარი ვენახის გაშენება, აქტიურად მუშაობა ტრადიციულ მეთოდზე და მისი მორგება ქართლის ჯიშებზე ექსპერიმენტების გზით, ასევე ცქრიალა ღვინის მიმართულებით ასორტიმენტის გაფართოება. მთავარი მიზანი კი ღვინის ხარისხზე ორიენტირება და შიდა ქართლში, მეღვინეობის დარგის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანაა.